ტაო-კლარჯეთი

ტაო-კლარჯეთი

Saturday, December 26, 2015

ხანძთა, ტაო-კლარჯეთი
 საქართველოს მტერი წარსულშიც ყოველთვის ცდილობდა და ახლაც ცდილობს ჩვენს სამშობლოს კუთვნილი ტერიტორიები წაართვას და მიითვისოს.
საუკუნეების მანძილზე ქართველი მეფე-დედოფლები, ქართველი მამულიშვილები უფლის რწმენით, ქრისტიანული მართლმადიდებლური რელიგიის ერთგულებით, სამშობლოს სიყვარულით, ერთსულოვნებით, კარგი განათლებით ახერხებდნენ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას.
ალბათ, გაგებული გექნებათ, ჩვენო პატარა მეგობრებო, რომ ავბედითობით საქართველოს ეკლესიის ბევრი ეკლესია-მონასტერია თურქეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე... აგრეთვე, ბევრი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლია სომხეთის ტერიტორიაზეც...
ალბათ, ისიც გექნებათ გაგებული, რომ დღეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორია რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. სულ რამოდენიმე წლის წინ, 2008 წლის ზაფხულში შიდა ქართლის დიდი ნაწილიც რუსეთის მიერ იქნა დაპყრობილი.
ახლა კი დამპყრობელი ყველანაირად ცდილობს ყველა ქართულ ტაძარს, ციხე-სიმაგრეს, მდინარეს, ხიდს - ყველაფერს შეუცვალოს სახელები, წაშალოს ქართული კვალი. ამას კი იმიტომ აკეთებს, რომ ქართველმა ერმა დაივიწყოს საკუთარი სამშობლოს ნაწილი, დაპყრობილმა ტერიტორიამ კი - საკუთარი სამშობლო და ასე ცდილობს საქართველოს დაპატარავებას.
სამწუხაროდ, ინტერნეტსივრცეშიც ვრცელდება პატარა კლიპები, ფილმები შიდა ქართლის დაპყრობილი ტერიტორიებიდან, სადაც ქართულ ხუროთმოძღვრულ ძეგლებს უკვე შეცვლილი აქვთ სახელები.
ბავშვებო, ალბათ ყველას გაქვთ წაკითხული იაკობ გოგებაშვილის "იავნანამ რა ჰქმნა?"
პატარა ქეთო ლეკებმა მოიტაცეს... შემდეგ გატაცებული პატარა ქართველი გოგონა თავიანთი ადათ-წესების მიხედვით გაზარდეს, საქართველო და ქართველობა სრულებით დაავიწყეს... და როდესაც წლების შემდეგ ქეთო სამშობლოში თავის მშობლებთან მოხვდა, მან ვერ იცნო ისინი... სამაგიეროდ მშობლები ცნობდნენ წლების წინ დაკარგულ ქალიშვილს და თავიანთი უზარმაზარი რწმენით, სიყვარულით, სითბოთი ქეთოსაც გაახსენეს სამშობლო, ოჯახი... და დაიბრუნეს წლების წინ დაკარგული შვილი...
ჩვენც ისევე უნდა ვიცნობდეთ საქართველოს, საქართველოს ისტორიას, როგორც დედა იცნობს საკუთარ შვილს და მაშინ ჩვენი რწმენით, ლოცვით, სიყვარულით, ერთგულებით და ერთსულოვნებით აუცილებლად შევძლებთ საქართველოს გაერთიანებას...

და როდესაც ამ კატეგორიაში ატვირთულ ვიდეოებს ნახავთ, ჩვენო პატარა მეგობრებო, სხვებსაც გაუზიარეთ და უთხარით, რომ "ეს საქართველოა!"